მამუკა ახვლედიანი: ჩემი დაკითხვა შესაძლებელია, გიგი უგულავას საქმეს უკავშირდებოდეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უკავშირებს.
როგორც მამუკა ახვლედიანმა დაკითხვამდე აღნიშნა, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა აპრილში ეწურება და შესაძლებელია უწყებას ახალი ბრალდების შეთითხვნა სურს.
„ჩემი ვარაუდით, ეს არის ახალი საქმე, რადგან გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა აპრილში უსრულდება. ვფიქრობ, პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ცდილობს, რაღაც ახალი ბრალი შეთითხნოს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ, სავარაუდოდ, საქმე ეხება თემების გადაფარვის საკითხს. თბილისის მერიის უნიათო და უმსგავსო მოქმედებები ყველასთვის ცნობილია. მოგეხსენებათ, თბილისის მერიაში და თვითმმართველობაში არაფერი კეთდება. მაშინ ჩემი დაკითხვა შესაძლებელია თვითმართველობის გადასაფარად ხდება“, – აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.