დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობა ექნება ბრალდებულის ადვოკატს დღევანდელ პროცესზე.
შეგახენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე. გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს “ავტოჰაუს-რუსთავი2011”-ისა და შპს “ტიტანი 2011”-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება. ამასთან, კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო სამსახური აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, გეგმავს, რომ დავით კირკიტაძეზე ძებნა გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები