არადეკლარირებული საქონლის საქართველოში შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურმა სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინა – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის პრესცენტრი იტყობინება. ამავე ინფორმაციით, 20 თებერვალს საბაჟო – გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე შემოვიდა საქართველოს მოქალაქე მ. ხ., რომელსაც აღმოაჩნდა 9 ცალი არადეკლარირებული ოქროს ყელსაბამი (62,05გრ), ასევე, მობილური ტელეფონი IPHONE – 2 ცალი და SAMSUNG GALAXY win – 2 ცალი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3798,55 ლარი.
22 თებერვალს სგპ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ს. ი. ავტობუსის ინსპექტირების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 134 კგ ავტომანქანის ნაწილები; აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეადგინა 3966.67 ლარი. ორივე კანონდამრღვევს, სსკ-ის 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესამაბისად, 3798,55 და 3966,67 ლარის ოდენობით.