ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი: დროა უკრაინა შევაიარაღოთ
ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრის ლაიამ ფოქსის განცხადებით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად, რომელმაც შესაძლოა ევროპაში რუსეთის დომინირება გამოიწვიოს, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას შეიარაღება უნდა მიაწოდონ. ამის შესახებ ლაიამ ფოქსმა „Telegraph“-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ფოქსის აზრით, კრემლის ევროპაში, კერძოდ კი ბალტიისპირეთიდან ბალკანეთამდე დომინირების „მკაფიო სტრატეგიულ გეგმის “ საპასუხოდ, დასავლეთმა უნდა „გამოიღვიძოს“. მისივე სიტყვებით, ევროპული ქვეყნების პრიორიტეტი ნაციონალური თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და უკრაინის ხელისუფლების ტანკსაწინააღმდეგო, უპილოტოებით და დაშიფრული ტექნოლოგიებით მომარაგება უნდა გახდეს.
ფოქსის აზრით, ნატოს ქვეყნებმა რუსეთზე სანქციების დაწესებაზე მეტად უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემაზე უნდა იზრუნონ. „უკრაინელებს უნდა მიაწოდონ ის, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა პრო-რუსი სეპარატისტებისა და მათი კრემლელი მოკავშირეებისგან თავის დაცვა შეძლონ“, – აცხადებს ფოქსი. „პირველ რიგში საუბარია დაშიფრული კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე“ – ხაზი გაუსვა ლაიამ ფოქსმა. „დასავლეთის ქვეყნებს ფინანსების გადანაწილების და მათი მოსახლეობის საჭიროებების ნაცვლად ნაციონალურ უსაფრთხოებაზე დახარჯვის ძალზე ეშინიათ და რუსეთმა ეს იცის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – დაამატა ბრიტანეთის ექს თავდაცვის მინისტრმა.