ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყებას პასუხობს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო უწყებას განცხადებით პასუხობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ეწინააღმდეგება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განცხადებას ოსური სააგენტო “რესი” ავრცელებს.
“18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღებისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება ცხინვალისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გაფორმებული დოკუმენტი კავშირში არაა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასტან და მას არანაირ ზიანს არ მოუტანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმფოფო საზღვრის შესახებ“ დოკუმენტს მხარეებმა ხელი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოაწერეს.
მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზეც საუბრობს. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რუსეთთან გაფორმება ქართველი პოლიტიკოსების აბსურდულ განცხადებებს, ოკუპაციასთან დაკავშირებით წერტილს დაუსვამს.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს საკუთარ ინიციატივას ახსენებს. მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს რეგიონში უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა მათივე განცხადების თანახმად შეთავაზებამ საქართველოს სახელისუფლებო წრეებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.