რა რჩევა მისცა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს

ცუდია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პიარის ტექნოლოგიების მნიშვნელობა და აუცილებლობა არ ესმის, ასე ვერავინ დაინახავს მათ მიერ გაკეთებულ საქმეს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრა ტვ“-ის გადაცემა “პროვოკატორში” ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლანდელი ხელისუფლება ვერ იგებს რამდენად მნიშვნელოვანია პიარის გამოყენება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ასე თუ გააგრძელა, ვერავინ დაინახავს მათ გაკეთებულ საქმეს.
მისივე თქმით, ამ კუთხით მას ირაკლი ღარიბაშვილთან უსაუბრია და რჩევის სახით უთქვამს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან მეტი უნდა იურთიერთოს, რათა ხალხმა მათი გაკეთებული საქმეები დაინახოს.

“ცუდია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ პიარის აუცილებლობა და მნიშვნელობა ვერ გაიგო. იქ, სადაც საჭიროა პიარის ტექნოლოგიების გამოყენება, ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ეს არ სჭირდებათ.
წინა ხელისუფლებამ  გადაჭარბებული პიარით ხალხს ყველაფერი ყელში ამოუყვანა, ადამიაინებს თვალებში ნაცარს აყრიდნენ, ესენი კი ამბობენ, რომ პიარის გარეშე გამოჩნდება მათი გაკეთებული საქმეები. პიარის არც უცხოელებთან მიმართებით იყენებენ.  ამბობენ, რომ გაკეთებულ საქმეებს ისინი თვითონ დაინახავენ.  ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ეს ამბავი ასე არსად არ ხდება და ეს ძალიან ცუდია”,– აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უცდია თუ არა, ამ კუთხით რჩევის მიცემა საქართველოს ხელისუფლებისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პიარის აუცილებლობის თვალსაზრისით, რჩევები მთავრობის წევრებისთვისაც მიუცია  და ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონდა ამ საკითხზე საუბარი.

“ამ თვალსაზრისით, თავის დროზე  მათ ვუთხარი, რომ  მეტი პიარია საჭირო. მათი მიდგომა კი იყო, რომ არ სჭირდებათ პიარი და საქმით გამოჩნდებოდა მათი გაკეთებული საქმეები. ვის აქვს დრო იმისთვის, რომ შენი საქმე დაინახოს? თვითონ ქვეყანაში ხომ ჩანს, რომ კარგი რაც კეთდება, ხალხამდე ისიც კი არ მიდის.
ბოლო პერიოდში ღარიბაშვილს შევხვდი და ვუთხარი მას, რომ ხალხს მეტი უნდა აუხსნან, რომ ხალხთან მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ.
როდესაც წინა ხელისუფლება საქმეს ცუდად აკეთებდა და გადაჭარბებულად აპიარებდა, ხალხს ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება საერთოდ არ უნდა აკეთებდეს ამ პიარის კუთხით არაფერს.
გაკეთებული საქმით ხალხს ყელში არ უნდა ამოუყვანო, ზომიერებაა ამ დროს საჭირო. ზომიერად უნდა ხდებოდეს ყველაფერი. რაღაც უნდა უთხრა საზოგადოებას, ხელისუფლება იმიტომ ხარ, რომ მასთან ურთიერთობდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები