ვიაჩესლავ ჩირიკბა: აშშ- აფხაზეთის ე.წ მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს უმარტივებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ინფორმაციით,
აშშ-მ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუმარტივა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ აფხაზურ საინფორმაციო სააგენტოზე დღეს გავრცელდა.
მათი ცნობით, ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც მარტში გაიმართება, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხის დაყენებას ევროკავშირის ქვეყნებთანაც შეეცდება.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას განვაგრძობთ, ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვა გაგრძელდება. ამ დროისათვის, აშშ-მ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო შეზღუდვები უკვე მოხსნა. მათზე ვინც, მანამდე საზღვარზე რუსული პასპორტებით გადაადგილდებოდნენ შეზღუდვები აღარ არის . თუმცა ევროკავშირის ქვეყნებთან: იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, და ბელგიასთან ჩვენი მოქალაქეები სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით, ისევ პრობლემებს აწყდებიან”, -აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა.
„კვირა“ აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-მ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები მოუხსნა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია გადასამოწმებელია.
„ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებთან დაკავშირებით გადასამოწმებელია. რაც შეეხება აშშ-ს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, აშშ-ს აფხაზეთის ე.წ მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი არ გაუმარტივებია“,- განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.