ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს დეპუტაცია სერბეთის დელეგაციას შეხვდა
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს დეპუტაცია სერბეთის დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბალკანეთსა და კავკასიაში მიმდინარე პროცესები, შიდაპოლიტიკური ვითარებები, ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ფორუმებზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობის განსხვავებისა, ორ ქვეყანას ბევრი საერთო გამოწვევა და პრობლემა აკავშირებს და ამ მხრივ ორივე ქვეყნისთვის რიგ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება საინტერესო და მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეები უკრაინის კრიზისს და ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების თემებს შეეხნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკურ, ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების საკითხებს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ არა მარტო აქ, ეუთოს ფორმატში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ორმხრივ ურთიერთობებზე. ასევე საერთოდ ბალკანეთში, ევროპაში, კავკასიაში მიმდინარე ვითარებაზე და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. რასაკვირველია არის თემები, რომლებიც მნიშვნელოვნად მსგავსია და პრობლემები, რაც გამოიარა სებეთმა, აქედან გამომდინარე გამოცდილების გაზიარება, ურთიერთობის ჩამოყალიბება, არამარტო სერბეთთან, ბალკანეთის სხვა ქვეყნებთანაც საქართველოსთვის მნიშვნელოვნად კარგია”, – განაცხადა საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სესიის განმავლობაში სერბეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.