დავით სუჯაშვილი საქართველოში ესტონეთის ელჩს პრიტ ტურკს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში ესტონეთის ელჩს პრიტ ტურკს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა და საფრთხეები.
ესტონეთი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა.
ესტონეთის ელჩთან შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა შეაფასა. დავით სუჯაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. „დღეს გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ვთვლი, რომ ესტონეთის გამოცდილება რეფორმების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში და ამ გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა. დავით სუჯაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ესტონეთი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის იჩენს, ასევე საბჭოს მდივანმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მთავრობის მიერ, „განვითარების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები