აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვია – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ენერგორესურსების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ასევე სატრანზიტო ქვეყანა, აზერბაიჯანთან ერთად განსაკუთრებულ როლს ასრულებს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივ სატრანსპორტო პროექტებზე. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობას.
„ეს რკინიგზა საქართველოსა და აზერბაიჯანში შექმნის ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალ კოეფიციენტს. ეს არის გეოსტრატეგიული მასშტაბის პროექტი, რომლის საშუალებითაც აზია და ევროპა უერთდება ერთმანეთს“, -განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე.
როგორც ბერუჩაშვილმა აღნიშნა, „რუსეთის მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმება მიმართულია საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ამ რეალობის გათვალისწინებით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას სუამ-ის ორგანიზაციის ფარგლებში. აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის, როგორც რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმის მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამმხრივი მინისტერიალის მორიგ, მე-5 შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები