მაია ფანჯიკიძე: საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა
„ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია“ – ასე ეხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დღევანდელ განცხადებას. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძის განცხადება გულისხმობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ დგას დღის წესრიგში.
“ზურაბ აბაშიძე ამბობს – ბუნებაში არ არსებობს გეგმა იმისა, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნას. როგორც ჩანს, ნატო-ში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ დგას დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ უელსში მიღებული არსებითი პაკეტი სწორედაც რომ არის ის გეგმა, რომელმაც უნდა ჩამოიტანოს საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, რაც იყო ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ძირითადი ნაბიჯის მიზანი”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ არსებითი პაკეტის განხორციელებას და არ აპირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის გადადგმას.
“ეს არის იმის გამოხატულება, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით – ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში, ეს, სამწუხაროდ, სინამდვილეა და ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან. პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის, შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მთავრობას ამ მიმართულებით გავუწევდით სერიოზულ მონიტორინგს. ახლა ვდგავართ სწორედ იმ საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს საქართველოს და საფრთხე შეექმნას მის თავდაცვისუნარიანობას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძის განცხადება მიზანმიმართულია და ის შემუშავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების შემდეგ. ფანჯიკიძის განმარტებით, გუშინ, კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა და, სავარაუდოდ, სწორედ იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.