„კულტურის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მსახიობები დროულად გაემგზავრონ „ოსკარის” ცერემონიაზე“

„ოსკარის“ ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებულ ქართველ მსახიობებს, რომლებიც თურქეთში არსებული დიდთოვლობის გამო სტამბოლის აეროპორტში იმყოფებიან და გამგზავრებას ვერ ახერხებენ, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ირაკლი ასაშვილი ესაუბრა. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ „ოსკარის“ ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკვე ესაუბრა ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს, რომელიც უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს.
სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ფილმის წარსადგენად გამგზავრებული მსახიობები – ია სუხიტაშვილი, მიშა მესხი და გიორგი ნაკაშიძე დახმარებას ითხოვენ. როგორც ია სუხიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, 20 საათზე მეტია სტამბოლის აეროპრტში იმყოფებიან, რადგან დიდთოვლობის გამო ყველა რეისი გადადებულია.
„ვითხოვთ სასწრაფოდ დახმარებას. სტამბოლის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია ჩავრჩით საშინელი, დიდი თოვლის გამო. ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით. კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება. მომწერეთ პირადში. თოვლი იმატებს და იმატებს. გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ „ოსკარზე“. წინაწარ მადლობას გიხდით“, – წერს სუხიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები