შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გოდერძი წ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით,სამართალდამცველებმა გოდერძი წ. ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში იმ დროს დააკავეს, როდესაც მას სატვირთო ავტომანქანით უკანონოდ მოჭრილი ხის მორები გადაჰქონდა. დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან წაბლის ხის 2,10 მეტრი სიგრძის 20 ცალი მორი ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაკავებამდე ორი კვირით ადრე ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ე.წ. კორთხას ტყეში მოჭრა 8 ძირი წაბლის ჯიშის ხე, რომლებიც დაჭრა 2, 10 მეტრი სიგრძის მორებად. მორების ნაწილი დატვირთა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაში და დასახერხად ჩაიტანა ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, ხის დამამუშავებელ საამქროში. შემდეგ კი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მორები გადაიტანა ქალაქ ქუთაისში, ხის დამამუშავებელ საამქროში. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს.