ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო განაცხადების მიღება დაიწყო

დღეიდან 23 თებერვლის ჩათვლით ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო განაცხადების მიღება დაიწყო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
არსებული პროექტით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები, შეიცვლება ნაგებობის მოაჯირები.
დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი 1960-იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრქუცია ჩაანაცვლა. ხელახალი მშენებლობის შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები