გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტებს ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნის ფაქტებს ეხმაურება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისთვის მთავარი და ამოსავალია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსაც.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა ფიქრობს, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა შექმნას.
“ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლოა, ამ ვითარებამ დააყენოს. უკრაინის მთავრობას აქვს საკუთარი ხალხისგან მანდატი, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან. ქართველ ხალხსაც აქვს მანდატი, რომ უკრაინელ ხალხს დიდი სიყვარული და მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ასე, რომ ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობის გაღვივებას შესაძლებლობა არ მივცეთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.