აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული ქართველების გათავისუფლებაზეც ისაუბრებენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებული ქართველების გათავისუფლება იქნება.
ამის შესახებ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არის სხვა საკითხებიც, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ. მხედველობაში მაქვს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. რამდენიმე ადამიანი ჩვენ გავანთავისუფლეთ უკვე გასულ წელს, ახლა უნდა შევეცადოთ, ეს პროცესი გაგრძელდეს და ჩვენი სხვა მოქალაქეებიც გავანთავისუფლოთ“,-აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები