„კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება“
პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა თვის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრის შესახებ მხარეები გუშინ სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
„ამ თვის ბოლოს კონკრეტული თარიღი დაზუსტდება, უახლოეს დღეებში გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც იქ განვიხილავთ, გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია „ეს-ჯე-ესი“, რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთს შორის.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის, ასევე რუსეთის მხარემაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს შვეიცარიულ კომპანიასთან. გათვალისწინებულია ისიც, რომ ჟენევაში ერთობლივი კომიტეტი უნდა შეიქმნას, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მხარეები. ის მუშაობა, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობდა, პრაქტიკულად დასრულებულია და ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ რუსულ მხარესთან, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას, როდის ვაწერთ ერთობლივად კონტრაქტებს ხელს შვეიცარიულ კომპანიასთან, შემდგომ იქმნება ეს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ვახსენე და ამის მერე დაიწყება ამ ხელშეკრულების პრაქტიკული იმპლემენტაცია. ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ შევიკრიბებით პრაღაში, ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორები საქმის კურსში არიან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასთან მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.