დავით საგანელიძე: პრეზიდენტმა უმრავლესობის თხოვნა არ გაითვალისწინა
დავით საგანელიძის განცხდებით, მან პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობისთვის რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა შესთავაზა, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა, კანდიდატურა ოფიციალურად მას შემდეგ დაესახელებინა, რაც საკითხზე მსჯელობა კოალიციის ფარგლებში გაიმართებოდა.
“უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტთან დღეს დილითაც გახლდით. ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელზეც მე ადრეც გავაკეთე განცხადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო ორი-სამი კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა მათ შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.
სამწუხაროდ, ეს პრეზიდენტმა უარყო. მან მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი კანდიდატურის დასახელების შესახებ. შეთანხმებისამებრ, რომ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებული ყოფილიყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა რა მასშტაბის მხარდაჭერა ექნება ამ კანდიდატს, მას შევთავაზე, რომ კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში და მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც უმჯობესი იქნებოდა გაეკეთებინა უკვე ოფიციალური განცხადება და კანდიდატურა ოფიციალურად წარმოედგინა. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მიიღო გადაწყვეტილება, დაესახელებინა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ეს მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. შესაბამისად, საკითხი კოალიციაში და უმრავლესობაში არ განხილულა, შეთანხმებული არ ყოფილა და ძალიან გამიჭირდება კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი. უახლოეს ხანებში კოალიცია საკითხს აუცილებლად განიხილავს და იმედია ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. ნინო გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სულ 36 პირი წარადგინეს, თუმცა აქედან რვამ კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.