როდის დასრულდება მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა – პაატა ბურჭულაძემ საკრებულოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლა. შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ოპერის ვარსკვლავმა, მსოფლიო ბანმა, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის მშენებლობა, რომელშიც, არა კერძო ჯგუფმა, არამედ მთელმა ერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
,,პაატა ბურჭულაძემ წარმოგვიდგინა რამდენიმე ვერსია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. შეზღუდვები არ არსებობს, რადგან ტაძრის მშენებლობაში გაწევრიანება ყველა ფენის ადამიანს შეუძლია. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი უკვე მშენებლობაში მონაწილეობს, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც დეტალებს არ ფლობენ და სასურველი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს კიდევ ერთხელ აცნობებს ამ კეთილი საქმის შესახებ“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ბაატა ბურჭულაძის თქმით, ტაძარი საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით შენდება.
,, იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა მილიონობით გვარ-სახელი იქნება შეტანილი. ჩვენი სურვილია მშენებლობის დასრულება უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყრდების 40 წლისთავს მივუძღვნათ, ამიტომ ვცდილობთ ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრისთვის დავასრულოთ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ამ დროისათვის ტაძრის კედლები აშენებულია, მიმდინარეობს გუმბათის მშენებლობის პროცესი. დაწყებულია კარიბჭის მშენებლობაც. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ზეთისხილის ბაღი და ქარსაცავი ზოლი. მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშეებლობას, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები