სურსათის ეროვნული სააგენტო GBC-ის პასუხობს

სურსათის ეროვნული სააგენტო GBC-ის პასუხობს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, GBC-ის გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც საუბარი იყო ინსინერატორების შესყიდვის თაობაზე, არ იყო დაფიქსირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია. „კვირა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2015 წლის 14 თებერვალს სააგენტო GBC-ის მიერ გამოქვეყნებული იქნა სტატია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული, ინსინერატორების შესყიდვის თაობაზე. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ამ სტატიაში დაგვეფიქსირებინა სააგენტოს პოზიცია და არსებული მდგომარეობა. გამომდინარე აქედან გვინდა განმარტება გავაკეთოთ ინსინერატორების შესყიდვასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვინდა ავღნიშნოთ, რომ არარელევანტურია შპს „ოპტიმალ მენეჯმენტ გრუპი“-ს წარმომადგენლის მიერ ჟურნალისტისათვის მიცემული კომენტარი, სადაც საუბარია მათ მიერ ტენდერში შეთავაზებული შესყიდვის ობიექტის უკეთეს ტექნიკურ მონაცემებსა და ტენდერებში მონაწილეობის დიდ გამოცდილებაზე, ვინაიდან ელექტრონული ტენდერის ჩატარების და გამარჯვებულის გამოვლენის წესი მკაცრად არის გაწერილი შესაბამისი კანონმდებლობითა და ბრძანებულებებით. შპს „ოპტიმალ მენეჯმენტ გრუპი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა განხილული სატენდერო კომისიის მიერ, ვინაიდან მათ მიერ შემოთავაზებული იყო ტენდერში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი, ხოლო ელექტრონული ტენდერი ითვალისწინებს გამარჯვებულის გამოვლენას დაბალი ფასის და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე.
სტატიაში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია მომავლის ფერმერი“-ს წარმომადგენლის მოსაზრება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ტენდერის მიმდინარეობის და დასრულების პროცესს და ამის მიზეზად მოჰყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილების არქონა. უნდა აღინიშნოს, რომ შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტენდერში მოცემული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, მოთხოვნილი არ ყოფილა კომპანიის მიერ კონკრეტული გამოცდილების ქონა და შესაბამისად შპს „ორიენტი“-ს მიერ ამ სფეროში მუშაობის გამცდილების არ ქონა ვერ ჩაითვლებოდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზეზად.
სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსინერატორების ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოხერხდა მათი ექსპლუატაციისათვის საჭირო მანქანების შესყიდვისათვის განკუთვნილი სახსრების უქონლობის გამო. გვინდა განვაცხადოთ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში მოხდება ინსინერატორების ამოქმედება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რაც უზრუნველყოფს გარდაცვლილი მსხვილფეხა ცხოველის ლეშის განადგურებას და სრულად წარიმართება ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში. სააგენტო ფლობს საჭირო ფინანსურ რესურსებს და შესაბამისად განახორციელებს დასახულ გეგმას.
რაც შეეხება ტენდერის მიმდინარეობის პროცესს, იგი წარიმართა შემდეგნაირად:
2013 წლის 2 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი მსხვილი ცხოველების კარკასისა და ბიოლოგიურად სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი 2 ერთეული ღუმელის (ინსინერატორი) შესაძენად.
ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ: შპს „ოპტიმალ მენეჯმენტ გრუპი“ (საბოლოო დაფიქსირებული ფასი 850,000 ლარი), შპს „ორიენტი“ (საბოლოო დაფიქსირებული ფასი 817,900 ლარი) და შპს „ელ +“ (საბოლოო დაფიქსირებული ფასი 807,907 ლარი).
სატენდერო კომისიამ განიხილა ვაჭრობის შედეგები და შეაფასა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლები, შემსყიდველის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ტექნიკურ დავალებაში მოცემულ პარამეტრებთან მიმართებაში.
შეფასებამ გამოავლინა, რომ უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ინსინერატორის ტექნიკური პარამეტრები შესაბამისობაში არ იმყოფებოდა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან. კერძოდ:
– შემსყიდველის მიერ, ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით მოთხოვნილ იქნა, რომ ინსინერატორს უნდა შეძლებოდა აირის შეკავება მინიმუმ 2 წამით არანაკლებ 850 გრადუს ტემპერატურაზე, წვის სათანადო ეფექტურობის მიღწევის მიზნით. შპს „ელ +“ მიერ შემოთავაზებული ინსინერატორის ტექნიკურ მახასიათებლებში კი მითითებულია, რომ ტემპერატურის კონტროლის ზედა ოდენობები შეზღუდულია 800 გრადუსამდე პირველი წვის განყოფილების შემთხვევაში, ხოლო 850 გრადუსამდე მეორადი წვის განყოფილების შემთხვევაში.
– შემსყიდველის მიერ, ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით მოთხოვნილ იქნა, რომ ინსენირატორის მინიმალური სიმძლავრე ცხოველთა კარკასის განადგურებისას უნდა ყოფილიყო 1000 კგ/სთ-ში. შპს „ელ +“ მიერ შემოთავაზებული ინსინერატორის ტქენიკურ აღწერილობაში კი მითითებულია, რომ მისი სიმძლავრე შეადგენს საათში არაუმეტეს 25 კილოგრამისა.
შპს „ელ +“ მიერ ასევე დარღვეული იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნა ფოტომასალის წარდგენის შესახებ.
შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ შპს „ელ +“ (ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს) მიცემოდა დისკვალიფიკაცია, ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და მის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებთან შეუსაბამობის გამო.
სატენდერო კომისიამ, იხელმძღვანელა რა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანებით, რომელიც არეგულირებს ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს, მოსთხოვა მეორე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს – შპს „ორიენტს“ დოკუმენტაციის დაზუსტება. მას შემდგომ, რაც შპს „ორიენტ“-მა წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და დადასტურდა მათ მიერ შემოთავაზებული ინსინერატორების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან მიმართებაში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსინერატორების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის სრული მასალები (ტექნიკური დავალება, პრეტენდენტების მიერ სისტემაში ატვირთული წინადადებები, სატენდერო კომისიის ოქმები, ექსპერტიზის აქტი) შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ტენდერების განყოფილებაში https://tenders.procurement.gov.ge/ სატენდერო განცხადების ნომრით SPA130026294.
სურსათის ეროვნული სააგენტო მზად არის ღიად უპასუხოს მისი საქმიანობის მიმართ წამოჭრილ ნებისმიერ შეკითხვას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალისტების მიერ სააგენტოსთან დაკავშირებულ თემებზე მასალის გაშუქებისას მოგვეცემა საშუალება დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რათა აუდიტორიისათვის აღნიშნული მასალა იყო ინფორმატიული და მოიცავდეს ყველა მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები