ხაშურის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობი 75312.44 კვადრატული მეტრია, 1982 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 167 მ³ მოცულობის ნარჩენებით ივსება. ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. იმ დროისთვის ის არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, მასზე არც შესაბამისი კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” პოლიგონზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში ნაგავსაყრელი სრულად კეთილმოეწყო. იზოლირება გაუკეთდანაგავსაყრელის ტერიტორიას, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. დღეისათვის ობიექტი მთლიანად ელექტროფიცირებულია.
პროექტის ღირებულებამ 713 940 ლარი შეადგინა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 15 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 13 ადგილობრივი.