აშშ-მ ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა
თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და თავდაცვის სფეროში საქართველოს უნიშვნელოვანეს მიღწევებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდნენ.
აშშ-მ მხარი დაუჭირა თავდაცვის რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარებას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თანათავსებადობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჩართვას ნატოს რეაგირების ძალებში.
აშშ-ის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას ავღანეთში ნატოს „აისაფის“ მისიაში მონაწილეობისთვის, მოიწონა დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვის მიზნით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ამგვარი ძალისხმევის განხორციელებაში, მათ შორის, ქვეყნის შიგნით ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა.
მხარეებმა აღიარეს ჩრდილოეთის დისტრიბუციის ქსელის სავაჭრო-საინვესტიციო ქსელად გარდაქმნის პოტენციალი, რისი მიღწევაც ერთობლივი მუშაობის გზით იქნება შესაძლებელი. ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე პროვიკაციული „ბორდერიზაციის” პროცესთან დაკავშირებით ზომიერი რეაქციის გამოხატვისთვის და მხარი დაუჭირეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობების დამყარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს საქართველოში სამუშაო ძალის განვითარების სფეროში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტით გათვალისწინებული მხარდაჭერა და მოიწონეს წლის ბოლოს კომპაქტის ამოქმედების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევა. საქართველოს მთავრობა მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო იმ ოც ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციისა და პარტნიორობის (USTR) პროექტს განახორციელებს, რაც აღნიშნულ სფეროებში საქართველოს შესაძლებობათა განვითარებას შეუწყობს ხელს. USAID-ის ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და ქართველ კოლეგებთან ერთად USTR-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის დაჩქარების შესაძლებლობებს შეისწავლის. ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალური ინიციატივის ფარგლებში ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას, თანათავმჯდომარეებმა საქართველოსა და მთელს რეგიონში დაავადებათა გამოვლენის, კონტროლისა და რეაგირების სფეროში ჯანდაცვის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.