კითხვები არასამთავრობოების მიმართ – “მე თუ ვიტან კრიტიკას, მათაც უნდა აიტანონ”

ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას მიაწერეს ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადის” შექმნა, რომელმაც ექსპერტებს CV-ების გაგზავნა მოსთხოვა.
“ეს ორგანიზაცია მე მომაწერეს და ატეხეს ამბავი – ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ებრძვისო. ამ ესპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! კრიტიკა უნდა აიტანონ.
დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!“ – განაცხადა ექსპრემიერმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, იმ განცხადების გამო, რომლის თანახმად, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ კვლევა უნდა ჩატარდეს, ექსპრემიერი ამბობს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ჰქონდა კითხვები, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
“მე ვთქვი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გვაქვს კითხვები და ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა. 52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ“, – აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ უნდა თქვას.
“თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2”-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა – უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ – არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის – იქნება ეს “სიდა” თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია “ნაციონალური მოძრაობის” ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა“, – აცხადებს ყოფილი პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები