“სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ერთადერთი კომპანია მალე შესაძლოა, კონტრაქტორების გარეშე დარჩეს“

მედიაბაზარზე ახალი სკანდალი მწიფდება. სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ერთადერთი კომპანია მალე შესაძლოა, კონტრაქტორების გარეშე დარჩეს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემისთვის ცნობილი ხდება, რამდენიმე წამყვანი ტელეარხის გაუხმაურებელი შეთანხმების შესახებ, რომლებიც აპირებენ საერთოდ უარი თქვან კომპანია „თივიემარ ჯორჯიას“ მომსახურებაზე და საკუთარი რეიტინგი აღარ გააზომინონ.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ამ ტელევიზიებს შორის არ არის „რუსთავი 2“, რომელსაც ცქიტიშვილის კომპანიასთან რეიტინგის ნამდვილობაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია, იმ არხებისგან განსხვავებით, რომლებიც „თივიემარის“ მიერ დათვლილ რეიტინგებს პერიოდულად უნდობლობას უცხადებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ის ბაზარზე ერთადერთი მთვლელია, მასთან მაინც თანამშრომლობდნენ.
„გახსოვთ, ალბათ, ბოლო სკანდალი, როდესაც ცქიტიშვილის კომპანია „მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა რეიტინგების გაყალბებაში ღიად დაადანაშაულა და ფაქტიც მოიყვანა, როცა „მაესტრო“ 1 დღით გათიშული იყო და არხს იმ დღის რეიტინგები წარუდგინეს…
რეიტინგებით მანიპულირების ნიშნები ბოლო პერიოდში აშკარად გამოიკვეთა სხვა არხის მიმართაც. ჯერ იყო და „მაესტროს“ რეიტინგი „დაეცა“, შემდეგ მას მიჰყვა „იმედი“, რის ხარჯზეც „რუსთავი 2“-ის გასწვრივ „თივიემარის“ ბადეში რეკორდული მაჩვენებელი გაუჩნდა…
კომპანია „თივიემარი“, ფიფლმეტრების საშუალებით იღებს აუდიტორიის ქცევის შესახებ მონაცემებს, რომელსაც შემდეგ თავის კლიენტებს – ტელეკომპანიებს და სარეკლამო კომპანიებს უზიარებს. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სარეკლამო კომპანიები შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა დროით და სად განათავსონ საკუთარი რეკლამა, რომელიც ტელევიზიის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. დღესდღეობით, ამ კომპანიის კლიენტები საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა. თუ კონფიდენციალური წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდა და რამდენიმე ტელევიზიამ უარი თქვა „თივიემართან“ თანამშრომლობაზე, რეიტინგების მთვლელი კომპანია, სარეკლამოებს რეიტინგს ვეღარ მიაწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სატელევიზიო ბაზარი სასიცოცხლო არტერიის გარეშე დარჩება. თუმცა, როგორც გავიგეთ, დროებით, რადგან ცქიტიშვილის კომპანია მალე შესაძლოა ტელერეიტინგების ახალმა მთვლელმა ჩაანაცვლოს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები