თეა წულუკიანი: პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ საქართველოში ქალისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ადვილი არაა. ამის შესახებ მან ჟურნალ „რეიტინგთან“ საუბრისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება.

„კაცისთვის კი პოლიტიკაში ჩართვა უფრო ადვილია. წლებია, ვემხრობი და ვატყობ, ნელ-ნელა ამ იდეას აქვს მხარდაჭერა, რომ ქალებისთვის შეიქმნას კვოტები პარტიებსა თუ პარლამენტში, რაც ქალებს პოლიტიკაში ჩართვის პროცესს გაუადვილებს. ამ წესმა უნდა იმოქმედოს პირობების გათანაბრებამდე, მერე აღარ იქნება საჭირო“, – აცხადებს წულუკიანი.

ადასტურებს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობს – მხოლოდ ერთხელ იმგზავრა ბიზნესკლასით, როდესაც გერმანიის მთავრობამ დააფინანსა მისი ბილეთი, ორი გზა, კონკრეტული პროექტის ფარგლებში. ხალხთან ურთიერთობას ახერხებს, მაგრამ წუხს, რომ ამისთვის უფრო მეტი დრო არ აქვს.

„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისს გარეთ გავდივართ, საზოგადოებრივი ცენტრების გასახსნელად. ლენტის გაჭრის შემდეგ ხუთ წუთში არ მოვრბივარ. ვრჩები და ხალხს ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა. არასდროს დამავიწყდება გეგუთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოფლის ხალხთან საუბარი, იქ მოვისმინე კრიტიკა, ბევრი გონივრული აზრი“, – ამბობს ის.

– თქვენთვის ასეთი შეხვედრებისას უცნაური შეკითხვა თუ დაუსვამთ?

– უცნაურს ვერაფერს ვიხსენებ. ზოგადად, ხალხი ასეთი შეხვედრებისას საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ასაკოვან ქალბატონს უკითხავს, გათხოვილი ვარ თუ არა. რომ ვუთხარი, არა-მეთქი, დაიკივლა და თავში ხელი შემოირტყა. იქ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდადაა (იცინის).

– საქართველოში „გამარჯობის“ მერე ეს შეკითხვაა აქტუალური.

– მე უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები, რადგან 40 წლის ვარ. თუმცა არც მანამდე აქტიურობდნენ ამ შეკითხვით. მე არ მივიჩნეოდი ისეთ ახალგაზრდად, რომელიც უცებ უნდა გათხოვილიყო ან საერთოდ გათხოვილიყო. ასეთი აზრი იყო შექმნილი, ვიცით, რომ სწავლობს, მუშაობს და ამას გინდა ელაპარაკე, გინდა – არაო.

– არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

– ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და, იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

– თუ გაქვთ წარმოდგენილი ალტერნატიული თეა წულუკიანი, დღევანდელი პროფესიისა და პოლიტიკის გარეშე. ვთქვათ, ბევრი შვილით და სამზარეულოში.

– ძალიან მხიბლავს სოფელში სკოლის მასწავლებლობა. ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლება შემიძლია, ფრანგულის, სამართლის საფუძვლების. ძალიან მინდა, მქონდეს საშუალება, ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დავეხმარო და ჩამოვუყალიბო მოვლენების სწორი ხედვა, რომ ტაბუებისა და სტერეოტიპების ტყვეები არ იყვნენ. ალტერნატიული „მე“ შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრი შვილით სამზარეულოში, დიასახლისი, მასწავლებელი ან ფერმის დირექტორის მოადგილე, რადგან ფერმის დირექტორი აუცილებლად კაცი უნდა იყოს (იცინის). ერთადერთი, ვინც ვერ ვიქნებოდი, არათავისუფალი ადამიანია. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ, ვისმენ ადამიანების აზრს, მაგრამ ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ.

…იუსტიციის მინისტრს ძალიან უყვარს მიწა, მცენარეები, ცხოველები. აქვს ეზო, ბაღი, სადაც ბევრი ყვავილია.
„მიყვარს სოფელი და ვცხოვრობ სოფელ დიღომში. ვცხოვრობ ისე, როგორც ჩემი ნებისმიერი მეზობელი. მაგალითად, ამას წინათ წყალი შეწყდა და ძალიან ცუდად მოვიხსენიე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მაგრამ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია, რასაც მე ვუყურებ (იცინის), თუმცა ბევრი პრობლემა რჩება“, – ამბობს ის.
მისი საყვარელი კერძებია, ხინკალი და კუპატი; ხინკლის მომზადებაც შეუძლია და კუბდარისაც. რაც შეეხება თავის მოვლასა და შოპინგს – დროის დეფიციტის გამო, შოპინგზე მაშინ მიდის, როცა ტანსაცმელი უცვდება, სალონს თმის შესაჭრელად და შესაღებად სტუმრობს. თეას თქმით, როგორც ყველა ჩინოვნიკს მასაც ზურგის ტკივილი აწუხებს და როცა დრო აქვს, იოგას ვარჯიშებს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები