რა განცხადების გაკეთებას გეგმავს გია სოსანაშვილის ოჯახი? – „გია სოსანაშვილი დაავადებულია“

იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი საკმაოდ მძიმე სენით არის დაავადებული. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ჯანმრთელობის შესახებ პირად ინფორმაციას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და სოსანაშვილის ოჯახის დასტურიდან გამომდინარე ასაჯაროებენ.

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, გია სოსანაშვილს თავის ტვინის სიმსივნე სჭირს და ის სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. მათივე განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში უშვებს სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან საერთოდ განთავისუფლების შესაძლებლობას.

სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ ის ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებს, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება უჭირს. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლი საშუალებას იძლევა, სასამართლომ მსჯავრდადებულს განაჩენის აღსრულება გადაუვადოს მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
„შეიძლება მომავალში მომზადდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შუამდგომლობა, რა დაავადება აქვს, რა მდგომარეობაშია. მე საბუთები მოვითხოვე კიდეც და მომიტანენ, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე… ეს ძალიან რეზონანსული საქმეა“, – აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
„პრაიმტაიმისთვის“, ასევე, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში სოსანაშვილების ოჯახი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ბრალდებულის და, ლია სოსანაშვილიც ადასტურებს, თუმცა განცხადების შინაარსის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
„როცა საჭირო იქნება, მე თვითონ ვილაპარაკებ, მაგრამ ჯერ დრო გვჭირდება, პრესკონფერენციასაც ჩავატარებ, ბრიფინგსაც და ინტერვიუსაც მოგცემთ, მაგრამ ჯერჯერობით დრო უნდა მოგვცეთ. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ერთს ვამბობთ და მეორეს ავრცელებენ“, – აცხადებს ლია სოსანაშვილი.
რას ყვებიან მშობლიურ სოფელში გია სოსანაშვილის შესახებ? ამის გასარკვევად გამოცემა სოფელ საკორინთლოს ესტუმრა. ირკვევა, რომ ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

„საკორინთლოელებს 20 იანვარს მომხდარ ტერორისტულ აქტზე ბევრი ვერსია აქვთ და ერთმანეთშიც აქტიურად განიხილავენ, თუმცა ხმამაღლა საუბარს თითქმის ყველა გაურბის, უმჯობესია, გამოძიებას დაველოდოთო… პირად საუბრებში კი ყველაზე აქტიურად სწორედ გია სოსანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. როგორც ამბობენ, სოსანაშვილს დაახლოებით ორი წლის წინათ აღმოაჩნდა თავში სიმსივნე და მას შემდეგ მკურნალობის არაერთი კურსიც ჩაუტარებია. ოპერაციაზე უარი განუცხადებია, ვერ გავიკეთებ, მირჩევნია, წამლებითა და ნემსებით ვიმკურნალოო“, – წერს გამოცემა.
ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ გიორგი გამუდმებით აკონტროლებდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მუდამ წამლებით დადიოდა, თუმცა ავადმყოფობის შესახებ გიორგის მამამ, კაკო სოსანაშვილმა არაფერი იცოდა. მან შვილის დაავადების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ის დააკავეს.
„ჩემმა ცოლმა მაჩვენა საბუთები და ახლა გავიგე, ცუდად რომ ყოფილა, ჩვენი გოგო ელაპარაკა ადვოკატს და არ ვიცი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც ის ვიცი, ესაჭიროება თუ არა სასწრაფო ოპერაცია“, – ამბობს კაკო სოსანაშვილი.

მზია, გიორგი სოსანაშვილის ოჯახის ახლობელი:
– მეც და ჩემი მეუღლეც კარგად ვიცნობთ გიორგის, ძალიან ახლოს, ჩემი მეუღლის ნამოწაფარი იყო. ხშირად ჩვენთან სახლშიც მოსულა, ჩემს მეუღლესთან.
– ბოლოს როდის ნახეთ, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– შეუძლოდ იყო, ვიცი. ერთხელ სოფელში შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს და ხელში რაღაც საბუთები ეჭირა, მითხრა რაღაც სერიოზული მჭირსო და ტომოგრაფიის სურათი მაჩვენა.
– ეს როდის იყო?
– დაახლოებით ორი წლის წინათ
– სახლში იციან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– იციან, რომ ვერ იყო კარგად. მეც ვუთხარი, კარგად მიხედე შენს თავს-მეთქი. ბოლოს როცა ვნახე, ვკითხე ჯანმრთელობის შესახებ და მითხრა, ისეთი წამლები და ნემსები დამინიშნეს და მივიღე, რომ, მგონი, უკეთ ვარო.
– სად მკურნალობდა?
– თბილისში, აქედან წამლები მიჰქონდა ხოლმე. ვიცი, რომ მკურნალობდა და სერიოზული რამ სჭირდა…
– ოჯახი ხომ არ აპირებს ხელმოწერების შეგროვებას?
– ამაზე არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველას აქვს სინანული გიორგის მიმართ, რადგან ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახიდანაა, უპატიოსნესი დედა და მამა ჰყავს.
– ოჯახი ჰყავს?
– გაშორებულია, მაგრამ ისე, რომ არც ის არ დაოჯახებულა და არც მისი მეუღლე არ გათხოვილა. ვიღაცები ამბობდნენ, პანაშვიდებზე არ დადიოდაო, ტყუილია. ნამდვილად არ იყო უყურადღებო.
– ხშირად ჩამოდიოდა?
– ხშირად არ ვიცი, მაგრამ, როგორც სამსახური აძლევდა ამას საშუალებას, ისე, თვეში ერთხელ, ან ორჯერ, ალბათ.
– იმ პერიოდში, როცა ჯანმრთელობაზე პრობლემები ჰქონდა, მაშინაც მუშაობდა?
– ასეთი დეტალები არ ვიცი.
– ოპერაცია ხომ არ გაუკეთებია?
– არა, ოპერაცია არ გაუკეთებია, წამლებითა და ნემსებით მკურნალობდა. თავად მითხრა, ოპერაციას ვერ გავიკეთებ, ისეთი წამლებით ვმკურნალობ, რომ,
მგონი, შეჩერდება პროცესიო.
– კითხვები გაჩნდა ადვოკატთან დაკავშირებითაც…
– ამან სოფელში ყველა გაანაწყენა, ვინც ეს კითხვა დასვა მის მიმართ. ამ ოჯახს კიდევ ჰყავს შვილი, გოგო. გოგოს მეუღლე ჰყავს, მუშაობს და უპატრონოდ როგორ დატოვებდნენ ამ ბიჭს?
– იცნობდა ვაზაგაშვილს?
– არა, არ იცნობდა, არასოდეს უხსენებია ვაზაგაშვილი.
როგორც ირკვევა, სოსანაშვილის დედაც პოლიციის თანამშრომელია. ის საკორინთლოს პოლიციაში მუშაობს, თუმცა მკვლელობის შემდეგ მას სამსახურში აღარ უშვებდნენ, რამდენიმე დღის წინ კი უფლება მისცეს, საკუთარი სამუშაო გაეგრძელებინა.
გიორგი სოსანაშვილის თანასოფლელი:
– გიორგის დედა სამსახურშიაო, გვითხრეს…
– დედამისს არ უშვებდნენ სამსახურში და გუშინწინ დაუშვეს, ისე გამიხარდა, ოჯახში ეგ მუშაობს და მეუღლეს მოვლა უნდა, ავადმყოფი კაცია, უამრავი წამალი სჭირდება.
– რატომ არ უშვებდნენ სამსახურში?
– პოლიციაა მაინც, ხომ იცით…
– გიორგის როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან?
– სანამ სკოლაში შევიდოდა, ძალიან ჩაკეტილი ბავშვი იყო, დედამისს არაფერს არ ეუბნებოდა, არც ეტყოდა, არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. რაღაც მოატყუეს და შეაცდინეს.
– ხელმოწერები შეიძლება შეაგროვონო…
„ბოღმას“ მეტსახელით ცნობილი სოსანაშვილი საკუთარი სოფლის ყურადღების ცენტრშია, საკორინთლოში ყველა ინფორმაცია, რომელიც 20 იანვრის ფაქტს უკავშირდება, ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოსანაშვილი თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო და საკუთარი სამსახურის შესახებ ოჯახის წევრებსაც კი არ უყვებოდა: „ეს მეტსახელიც ამიტომ შეარქვეს, ის ბავშვობიდან ასეთი იყო და თავად მამამისმა დაარქვა“. – აცხადებს გია სოსანაშვილის მეზობელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
საკორინთლოსგან განსხვავებით, აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრებებს ავრცელებენ ყარაფილაში. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ დამნაშავე დაკავებული პიროვნებაა. მათთვის ჯერჯერობით ერთ-ერთი მთავარი „მტკიცებულება“ 19 იანვარს სოსანაშვილის ყარაფილაში გამოჩენაა, მელაშვილების ოჯახში, სადაც ოჯახის წევრის გასვენება იყო. იური ვაზაგაშვილის დის მეუღლის, ავთანდილ ზოზიროვის განცხადებით, სოსანაშვილი არ იყო მელაშვილების ისეთი ახლობელი, რომ პანაშვიდზე და, მით უფრო, გასვენებაში მისულიყო…
ავთანდილ ზოზიროვი, იური ვაზაგაშვილის დის მეუღლე:
– რაზე მოვიდა აქ, ამ სოფელში იმ დღეს?
– პანაშვიდზე იყო მოსულიო, ხომ ითქვა…
– სოსანაშვილი არ იყო ისეთი ახლობელი მელაშვილების, რომ პანაშვიდზე მისულიყო.
– ბიძაშვილებიც აქვე ცხოვრობენო, თავად თქვით, ხშირად მოდიოდა ნათესავებთან, თუ იცით?
– არ ვიცი, მაგრამ იმ საღამოს რომ სოფელში იყო ამოსული, ზუსტად ვიცით, ბევრმა ნახა. რომ ამბობენ, გასვენება ადრე დაიწყო და ადრე აიყვანეს იური ვაზაგაშვილი საფლავზეო, ამას რა მნიშვნელობა აქვს? იმ წუთში ხომ არ დაუმონტაჟებიათ ასაფეთქებელი? წინა დღეს იყო, როგორც ჩანს, დამონტაჟებული და მაშინ ამოქმედდებოდა, როდესაც საფლავზე მივიდოდა იური. სოსანაშვილი ჩამოსული რომ იყო იმ დღეს სოფელში, ყველამ იცის, პანაშვიდზეც იყო მისული და იქვე ცხოვრობს მისი ბიძაშვილი და იმასთანაც იყო სტუმრად მისული პანაშვიდის შემდეგ. ყველამ ნახა. მე პირადად არ მინახავს, მაგრამ ბევრმა ნახა.
– საფლავზე იყო ასული? ნახა ვინმემ?
– საფლავზე არ ვიცი, იყო თუ არა, მე რომც მენახა, ვერ ვიცნობდი, არ ვიცნობ ამ პიროვნებას.
– თქვენ თუ იცით, იცნობდნენ ერთმანეთს? ხომ არ უხსენებია როდისმე თავად ბატონ იურის სოსანაშვილი?
– არასოდეს არ უხსენებია იურის სოსანაშვილი, არ ვიცი ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში არ უხსენებია.
– საფლავზე თქვენ წინა დღეს რა დროს იყავით ასული?
– საღამოსკენ ვიყავი ასული და იქ არაფერი არ იყო, სუფთა იყო საფლავი.
– უკვე დამონტაჟებული რომ ყოფილიყო, შეამჩნევდით?
– მე პირდაპირ იმ ადგილებზე გავიარე, სადაც მეორე დღეს იურის აფეთქება მოხდა, იქ რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, აუცილებლად ავფეთქდებოდი. წინა დღეს სუფთა იყო, თორემ ამუშავდებოდა. გამოდის, როდესაც მე დავტოვე საფლავი, მერე დაამონტაჟეს.
– სასაფლაოს ზედამხედველი არ ჰყავს?
– არა, არ ჰყავს საფლავს ზედამხედველი, მაგრამ პატრული სულ იქ ტრიალებს და აუცილებლად დაინახავდნენ. სულ საფლავის ტერიტორიაზე მოძრაობენ, ის ისეთი ადგილია, საიდანაც მთელი სოფელი ჩანს, სოფელს მთელ წრეს დაარტყამენ ხოლმე და შემდეგ იქ ჩერდებიან. როდესაც მე ვიყავი ასული საფლავზე, პოლიცია იყო, დავინახე.
– დაკითხეს პატრულის ის წევრები, ვინც იმ ღამეს მორიგეები იყვნენ?
– კი, დაკითხეს, მაგრამ რა თქვეს, რა ინფორმაცია მიაწოდეს, ეს არ ვიცით.
– როგორც ვიცით, საფლავზე განათება იყო დამონტაჟებული, რომელიც ფეხის დადგმისთანავე ინთებოდა…
– ეს განათება ახლაც არის, ოღონდ ფეხის დადგმისთანავე არა, როგორც კი ბნელდებოდა, მაშინვე ნათდებოდა, ავტომატურია.
– ბოლოს ეს განათება გაფუჭებული იყო, როგორც ვიცით.
– კი, გაფუჭებული იყო საფლავის განათება, დაახლოებით ერთი თვის წინ შევამჩნიე, რომ აღარ მუშაობდა და მინდოდა კიდეც იურისთვის მეკითხა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი…
– გამოითქვა ეჭვი, რომ ეს განათება მიზანმიმართულად იყო გაფუჭებული…
– კი, იყო ეს ეჭვი და ვინც საფლავზე განათება დაამონტაჟა, ის კაცი მოვიყვანე და დავაშლევინე, აღმოჩნდა, რომ მოკლე ჩართვის ბრალი იყო და გადამწვარა.
– ანუ ხელოვნურად გაფუჭებული არ იყო?
– არა, როგორც გააკეთა ამ ადამიანმა, ისე დახვდა ზუსტად, ხელი არ იყო არაფერზე მოკიდებული, მოკლე ჩართვის ბრალი იყო
– ბოდიში, რომ გეკითხებით, მაგრამ სანდო ადამიანია ეს ხელოსანი?
– კი, სანდო კაცია.
– ოჯახის ახლობელია?
– ძალიან ახლობელი არა, მაგრამ მთელი ოჯახი ვიცნობთ მის ოჯახს და ვენდობით, ახლობელია.
– ითქვა, რომ აფეთქება არ იყო ისეთი სიმძლავრის, რომ ადამიანი მოეკლაო…
– რა სისულელეა, გულ-ღვიძლი სულ დაგლეჯილი იყო, თავშიც ჰქონდა მოხვედრილი, როგორ გადარჩებოდა, აბა… მე დაკრძალვაზე გავიგე და რომ ავედი, უკვე გარდაცვლილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები