ჩაჩუას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჟვანიას გარდაცვალება ფირზეა აღბეჭდილი – რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა?

მერაბიშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მიცვალებულებამდეც კი არ მისულა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განაცხადა.
ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ჟვანიას გარდაცვალების მონაკვეთი ვიდეოფირზე იყოს და ეს ჩანაწერი მერაბიშვილს ან მის გარემოცვას ჰქონდეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამხარაულთან საუბრისა და მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე ვარაუდობს, რომ კონსპირაციულ ბინაში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მითუმეტეს, რომ ჟვანია ამ ბინით მანამდეც სისტემატურად სარგებლობდა. ამ ეჭვს აღრმავებს ის ათასობით ფაილი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავს ბინებში ასეთ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ გარდაცვალების მონაკვეთიც იყოს დაფიქსირებული და ეს ჩანაწერი ჰქონდეს მერაბიშვილს ან მის გარემოცვას. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. შესაძლოა, მისი კომპრომეტირებისთვის ან სხვა მიზეზი ჰქონოდათ. არ არის გამორიცხული, ამ ჩანაწერმა დღის სინათლე იხილოს იმ შემთხვევაში, თუ ბრალს უშუალოდ მერაბიშვილს ან სააკაშვილს წაუყენებენ. შესაძლოა, ეს ფირი აქამდე სწორედ ამ მიზნითაც იყო შენახული…
ფაქტია, რომ სამხარაულმა რაღაც იცოდა, როდესაც თქვა, ვანომ “ცვეტნოი” იცის, იქ რა მოხდაო. ალბათ, არსებობს მასალა, რომელზეც აღბეჭდილია გარდაცვალების პროცესი და მერაბიშვილიც ამას დაეყრდნო. მე რომ ჩაჩუასა და სამხარაულის საუბრის შესახებ თავიდანვე მცოდნოდა, ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუმცა, საქმეში არსებობს მერაბიშვილის ჩვენება, რომელსაც გავეცანი. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მიცვალებულებამდეც კი არ მისულა. არ შესულა შიგნით, რათა კვალი არ არეულიყო. სხვებსაც დაუშალა შესვლა. ჩვენებაში ამბობს, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ დაიხოცნენ ისინი, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციას ეყრდნობა“, – განაცხადა ტაბიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები