დავით სერგეენკო მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვაში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქარელის რაიონის სოფელ დირბის მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვაში მონაწილეობს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დირბში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ადგილობრივთა სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს კლინიკა “ენმედიცის” 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი ატარებს. ამ დროისთვის ექიმების კონსულტაცია 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. სოფელ დირბში 3500 კომლი ცხოვრობს. გამოკვლევები სოფლის სკოლაში ტარდება. ადგილზე მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც იმყოფება. დავით სერგეენკოსთან შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალური საკითხებით დაინტერესდა და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოითხოვა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დავით სერგეენკო პროფილაქტიკურ გასინჯვებს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობისთვის პერმანენტულად მართავს. შემდეგი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ ატოცში შედგება.