მართვის მოწმობის უკანონოდ გაცემის დაპირება – შსს-მ თაღლითობა გამოავლინა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თაღლითობაში ამხილეს და გამოავლინეს 1985 წელს დაბადებული მნცაკან პ, 1991 წელს დაბადებული დავით ჩ. და 1965 წელს დაბადებული ვაჩაგან ბ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები 2014 წლის იანვარ-თებერვალში, ქ. ახალქალაქში, თაღლითური გზით, გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ, ოფიციალური რეგისტრაციის და მართვის მოწმობის გამოცდის გვერდის ავლით, მოქალაქეებს თბილისსა და მარნეულში მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოებში მართვის მოწმობის აღებას ჰპირდებოდნენ.
მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).