კობახიძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ძებნილია, შეუძლებელია, სხვა ქვეყანას დაეხმაროს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას აფასებს.
როგორც მანანა კობახიძემ „პირWელის“ პრესკლუბში განაცხადა, ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაშია ძებნილი და ბრალდებული, შეუძლებელია სხვა ქვეყანას დაეხმაროს, მით უმეტეს, იყოს პრეზიდენტის მრჩეველი.
მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, საკადრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებში საქართველო ვერ ჩაერევა.
„პირი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იძებნება და აქვს ძალიან მძიმე ბრალდება წაყენებული, დაუსწრებლად არის პატიმრობაშეფარდებული, თავს არიდებს სამართალდამცველ ორგანოებს საკუთარ ქვეყანაში და ფაქტობრივად არად აგდებს იმ ლეგიტიმურ კითხვებს, რომლებიც მის მიმართ აქვს მის ქვეყანას, უკრაინაში მრჩევლად ასეთი ადამიანის დანიშვნა არა მგონია, რომ ხელს უწყობდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებას და ნდობის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა კობახიძემ. ამასთან, მანანა კობახიძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მრჩევლად საქართველოს ექსპრეზიდენტი დაენიშნა, ნიშნავს იმას, რომ ის უგულებელყოფს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„ეს ჩვენი ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირებაა, იმიტომ, რომ მისი დაპატიმრების შესახებ არის გამოტანილი იგნორირება, ბრძანება. ეს ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა, ის იურიდიულად დაპატიმრებულია. უბრალოდ, ფაქტობრივად, ეს ვერ ხორციელდება, იმიტომ, რომ ის თავს არიდებს მართლმსაჯულებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. განცხადება ამასთან დაკავშირებით პეტრე პოროშენკო დღეს ბელორუსიაში ვიზიტის დროს გააკეთებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დღის მეორე ნახევარში ის კიევში ბრიფინგს გამართავს და ჟურნალისტებს მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით იქ ამცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები