რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს
2015 წლის იანვრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ორგანიზაცია “ეროვნული ბანკის” გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით სწორ ნაბიჯად აფასებს, “ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი”.
თუმცა, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება და ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
“მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ გამოსწორდა ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა: ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება”, – ნათქვამია “საზოგადოება და ბანკების” განცხადებაში.
“ეროვნული ბანკის” მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, განაკვეთმა 4,5% შეადგინა.