ვის შეეხება სესხებზე პროცენტის მატება

„იმ ადამიანებს, რომლებმაც ბანკებიდან სამომხმარებლო სესხი გამოიტანეს, პროცენტი არ დაემატებათ“,- ამის შესახებ „კვირას“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სესხის ნახევარი პროცენტით მომატება მხოლოდ კონკრეტულ პირებს ეხებათ.
„იმ ადამიანებს, რომლებმაც სამომხმარებლო სესხები ბანკებიდან გამოიტანეს, პროცენტი არ დაემატებათ. პროცენტის დამატება მხოლოდ იმ კონკრეტულ პირებს ეხებათ, ვინც ბანკიდან იპოთეკური სესხი გამოიტანა, ვისაც ხელშეკრულებაში უწერია, რომ იპოთეკური სესხი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული“, – აცხადებენ ბანკში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს.
“იმ ადამიანებისთვის, ვინც სესხი ლარში გამოიტანა და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს გამოიწვევს ნახევარი პროცენტით ზრდას, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით ზრდის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები