„პოზიცია“ მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მხარდაჭერით, პროექტს – „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი“ ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, პროექტს – „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი“ ახორციელებს.
პროექტი საქართველოში დამწყები ხელოვანი ახალგაზრდების აღმოჩენა-გაერთიანებასა და მათი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას ემსახურება.
„ჩვენს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს საკუთარი შემოქმედების რეალიზებას. დამწყები ხელოვანისთვის ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, პრობლემის დაძლევის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ინიცირებით, შეიქმნა პროექტი „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი“, – აცხადებენ “პოზიციაში”.
მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის 1 მარტიდან დაიწყება და 2015 წლის 1 ივნისამდე გასტანს.
პროექტის ეტაპები „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბში“ ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებას, შემოქმედებით მოსამზადებელ პერიოდსა და ღონისძიებების ორგანიზებას მოიცავს.
“პროექტში მონაწილე პირებს შორის სულ შეირჩევა 60 ახალგაზრდა, ხელოვნების 4 (ოთხი) სფეროს მიმართულებით. ესენია: პროზა-პოეზია – 24 ახალგაზრდა, ფოტოხელოვნება – 12 ახალგაზრდა, სახვითი ხელოვნება – 12 ახალგაზრდა, თეატრი და კინო – 12 ახალგაზრდა.
მოსამზადებელი შემოქმედებითი პერიოდის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, ჩატარდება 12 ძირითადი და 1 დასკვნითი ღონისძიება. ასევე, ღონისძიებებზე შემსრულებლის სახით წარმოდგენილნი იქნებიან: ორი პოეტი/პროზაიკოსი (საკუთარი შემოქმედების წარდგენა), ერთი მხატვარი (გამოფენა), ერთი ფოტოხელოვანი (გამოფენა), ცოცხალი ბენდი, თეატრალური პერფორმანსი, წამყვანი (საზოგადოებისთვის ცნობილი სახე). პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის წევრებს დაუმზადდებათ პლასტიკური ბარათები, რომელთა საშუალებითაც საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო და გასართობ ცენტრებში ფასდაკლებით ისარგებლებენ”, – განმარტავენ “პოზიციაში”.
მათივე განცხადებით, დასკვნით ღონისძიებაზე მოეწყობა ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის წიგნის პრეზენტაცია და ქველმოქმედების ფარგლებში შეძენილი ნივთები გადაეცემათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. წიგნში დაიბეჭდება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის მოზარდების წერილები და იმ მონაწილე პირების შემოქმედება, რომლებსაც მაყურებელი 24 ღონისძიების ფარგლებში აირჩევს.
“ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა პროექტში და მზად არის თავისი შემოქმედება გააცნოს ფართო საზოგადოებას, გთხოვთ, მიყვეთ ბმულს და რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ მისამართზე: www.position.ge” – აზუსტებენ ორგანიზაციაში.