კოლეჯ „სპექტრსა“ და თურქეთის უმსხვილეს ჰოლდინგ ”ტურან-ბორფიტს” შორის ხვალ ხელშეკრულება გაფორმდება
კოლეჯ „სპექტრისა“ და კომპანია „ჯეოტურანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ხვალ, 15:00 საათზე კოლეჯს საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანიები – თურქეთის უმსხვილესი ჰოლდინგი ”ტურან-ბორფიტი”, მსოფლიო ბრენდის ”როტენბერგერის” ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში – „აზია ენერჯი“ და კომპანია „ფერი“ეწვევიან.
როგორც “კვირას“ “ სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი მემორანდუმის გაფორმება და ურეკში მიმდინარე მაგისტრალური წყალსადენების შედუღების პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის კონტრაქტის ხელმოწერაა.
“მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის კადრების საწარმოო პრაქტიკით გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას სტამბოლში არსებულ საწარმოში და სერტიფიცირებას. საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’სპექტრსა’’ და თურქეთის უმსხვილეს ჰოლდინგ ”ტურან-ბორფიტს” შორის გაფორმდება ხელშეკრულება. „ტურან-ბორფიტის“ ბაზაზე მოხდება სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, მაღალი ხარისხის განათლების მიღება, პრაქტიკის გავლა, სერტიფიცირება და დასაქმება“, – განუცხადა “კვირას“ მათე ტაკიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მემორანდუმების საფუძველზე 2015 წლის ბოლომდე კოლეჯ ”სპექტრის” 150 კურსდამთავრებული დასაქმდება.
“სპექტრის“ დირექტორის თქმითვე, თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ჯეოტურანის“ ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კომპანია “ჯეოტურანის” მხარდაჭერით, კოლეჯში უკვე ამოქმედდა ახალი პროექტი „ევრომასტერი“, გაიხსნა თეორიული პრაქტიკის ლაბორატორია, კოლეჯი აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. “კომპანიის საქმიანობა ახალი გამოწვევაა ქართულ ბაზარზე, რომლის საქმიანობას წარმოადგენს: ნებისმიერი დიამეტრის მილების პირაპირა და ელექტროშედუღება-რეკონსტრუქცია, წყლის და გაზის გაჟონვის აღმოჩენა-მომსახურება, გაჭედილი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების წმენდა-რეკონსტრუქცია, მილების ტელედიაგნოსტიკა, დამარხული ჭებისა და კაბელების მოძებნა სპეცაპარატით, ცენტრალური გათბობის და კონდიცირების სისტემების წმენდა-დიაგნოსტიკა“, – აღნიშნა მათე ტაკიძემ.