გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსებიდან 97 წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსებიდან 97 წლისთავს ულოცავს. პრეზიდენტი უნივერსიტეტს წარმატებებს უსურვებს და ყველა სასიკეთო წამოწყებაში თანადგომას ჰპირდება.
„ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, უნივერსიტეტის თანამშრომლებო და კურსდამთავრებულებო, გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 97 წლისთავს.
ამ დღეს ვულოცავ მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილთა მიერ დაარსებული ჩვენი დედა-უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანამანათლებლო დაწესებულება – იგი ჩვენი ისტორიული საგანძური, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი ბურჯია.
ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე – ძლიერ, თანამედროვე, თვითმყოფადი და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობთ, ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ამ მომავლის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს. აქ ჩვენი უმთავრესი კაპიტალი – ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭი და უნარები იწრთობა და ვითარდება.
ამდენად, უნივერსიტეტზე ზრუნვა – ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვას ნიშნავს და ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.
გპირდებით თანადგომას ყველა სასიკეთო წამოწყებაში და წარმატებებს გისურვებთ იმ დიდ, საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ცოდნის დაუფლება და შემოქმედებითი განვითარება ჰქვია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში.