ახალი ბრალდება ბაჩო ახალაიას – “10 000-დან 60 000 ლარამდე თანხის მითვისება”…
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე წარუდგინეს. როგორც ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს წაუყენებენ.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სასამართლო პროცესი სურთ, რომ დახურონ.
ახალ ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფი ბაჩო ახალაია.
„არც მასალებს გვაცნობენ, არც საქმეს აძლევენ ადვოკატებს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. საიდუმლოებას როგორც ასეთს ესენი ეძახიან, მე კი, ხმამაღლა ვიტყვი: 10 000-დან 60 000 ლარამდე თანხის მითვისება, აი სულ ეს არის“, – ეს ინფორმაცია ახალაიას ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.