სოჭის ოლიმპიადაზე დასწრება უცხოელ სტუმრებს უვიზოდ შეეძლებათ
სოჭის ოლიმპიადაზე დასწრება უცხოელ სტუმრებს მსოფლიოს ყველა მხრიდან უვიზოდ, მხოლოდ ოლიმპიადის აკრედიტაციით შეუძლიათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული და უცხოური მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ, ძირითადად, ოლიმპიადას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლგოგრადის ტერაქტებმა სოჭის ოლიმპიადაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს კარგად ესმის ოლიმპიადასთან დაკავშირებული საფრთხეები და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ში და ევროპაში, ასევე აზიაში, რომლებიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთის ფედერაციასთან და სპეცდანიშნულების სამსახურებიდან თავიანთ სამართალდამცავ კოლეგებთან. ასეთი სამუშაო ერთად აქტიურად იმართება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.