9 თებერვალს „სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან“ აქცია გაიმართება
9 თებერვალს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე” და სამოქალაქო საბჭო „სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან” საპროტესტო აქციას გამართავენ. აღნიშნული განცხადება დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯამბულ გამცემლიძემ და შალვა მექვაბიშვილმა გააკეთეს.
„9 თებერვალს ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა. ჩვენ იმისთვის ვიკრიბებით, რომ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგოთ, ზურა ვაზაგაშვილი გავიხსენოთ და მთელ ქვეყანას ვუთხრათ – „არა ტერორიზმს”, „არა კოჰაბიტაციას”, „არა ნაციონალურ მოძრაობას”. ეს ის ადგილია, სადაც ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დახვრიტეს. ამ მემორიალურ დაფას იური ვაზაგაშვილის სახელიც მიემატა!”- განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
მისივე თქმით, მისი ოჯახი ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე ბრალდებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის როსტომ ლაზარიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს.
„ვნახეთ, რომ მას ბრალი წარედგინა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების გამო. სწორედ ლაზარია არის ასევე ჩემი შვილის გიორგი გამცემლიძის საქმის გამყალბებელი. მან ნივთმტკიცება დაკარგა. ზოგადად, ლაზარიას ყველა გახმაურებული საქმეების უბადლო გამყალბებლად იცნობს”, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.
2008 წლის 8 მაისს 31 წლის გიორგი გამცემლიძე ზანდუკელის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელმა მოკლა.