„რესპუბლიკელები“ საბაბს ეძებენ, რომ კოალიციიდან გავიდნენ“

„ვადამდელი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი „რესპუბლიკური პარტიის“ ექსპანსიური მოძრაობაა. ისინი ფაქტობრივად უკვე ეძებენ საბაბს, რომ ჯერ შიდა კოალიციურ რეჟიმში დანარჩენ სუბიექტებთან ოპოზიციაში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ მოიპოვონ ლეგალური მიზეზი იმისა, რომ კოალიციიდან გავიდნენ“, – აღნიშნული განცხადება პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, კოალიციიდან გასვლის შემდეგ „რესპუბლიკელებს“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსი გარანტირებული აქვთ.
„რესპუბლიკელებს“ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ალიანსი გარანტირებული აქვთ და ამაზე „ლიბერალური ინტერნაციონალი“ ევროპის ტრიბუნიდანაც არაერთხელ გვამცნობდა. ევროპის საბჭოს შესაბამისი ფრაქცია აკეთებდა განცხადებას, რომ დროა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დატოვოს ეკლექტური გაერთიანება „ქართული ოცნება“ და შეუერთდეს „თავისუფალ დემოკრატებს“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც სამნიძე სხვადასხვა რეგიონში პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარების ფაქტებზე საუბრობდა.
„ქართული ოცნების“ პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, პოლიტიკური საბჭოდან და მისი ხელმძღვანელობიდან მოდის დირექტივა, რომ თვითმმართველობებში ყველა ვაკანტური ადგილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა დაიკავონ, რამაც შემდგომში საარჩევნო შედეგები უნდა უზრუნველყოს. ეს არის სქემა, რომელიც საშუალო რგოლში თამაშდება. ამ სქემამ ვაკანსიის გარეშე დარჩენილი პარტიების უგულებელყოფა და მათი მარგინალიზება უნდა უზრუნველყოს. აქ არის პირდაპირი ულტიმატუმი – გინდა ჩვენთან? დატოვე შენი პარტია და შემოდი ჩვენთან. ამ შემთხვევაში განვიხილავთ შენს კანდიდატურას“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, არის ცალკეული ფაქტები, როდესაც პარტიის წევრებს ემუქრებიან, ან სამსახურის სანაცვლოდ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების პირობას უყენებენ. „კონკრეტულ შემთხვევებსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენს წევრებს – ზოგს ემუქრებიან, ზოგს ეუბნებიან, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი პარტიას დატოვებენო. ასეთი ფაქტები არის. ახმეტაში დატოვა ერთმა პირმა პარტია. თბილისშიც მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ძალიან დაბალი რანგის, ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციაზე დანიშვნის პირობად პარტიის დატოვება წაუყენეს და მან დატოვა პარტია”, -განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები