აშშ ქართველ სამართალდამცველებს ამერიკის ვიზების გაყალბების ფაქტის გამოვლენისთვის მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ამერიკის ვიზების გაყალბების ფაქტის გამოვლენისთვის მადლობას უხდის. როგორც აშშ-ის კონსულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას.
„შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად უდგება სავიზო განაცხადის პროცესს. ჩვენი საკონსულოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცდილობენ, აღმოაჩინონ და აღკვეთონ ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობა. შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას, რათა დავიცვათ სავიზო პროცედურები და ვებრძოლოთ თაღლითობას.
მადლობას ვუხდით ქართველ სამართალდამცველებს ჩატარებული დაკავებებისა და მიმდინარე გამოძიებისთვის, რომლის მიზანია საელჩოს გარეთ დოკუმენტების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯა. ქართველი სამართალდამცავების მუშაობა გვეხმარება იმ მოქალაქების უფლებების დაცვაში, რომლებსაც ამერიკის ვიზის მისაღებად შემოაქვს საბუთები. ისინი სერიოზული დანაშაულის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ“, – განაცხადა აშშ-ის კონსულმა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ადამიანებს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები