„ზვიადაურს თავი, ალბათ, ტატამზე ჰგონია და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელს ზაქრო ქინქლაძეს ეჭიდავება“

თბილისის საკრებულოს წევრმამ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონებში კადრების დანიშვნისა და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ მუქარებზე ისაუბრა.
დავით ზურაბიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების მიმართ მუქარა ცალკეულ რეგიონებში ახალი არ არის, თუმცა ეს ფაქტები ატესტაციების შემდეგ უფრო გამწვავდა. მისი განცხადებით, ამ მხრივ პრობლემები ახმეტის რაიონში დიდი ხანია არსებობს.
„ხშირად ხდება, რომ რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც პარლამენტშია არჩეული, რაიონის ბატონ- პატრონად თვლის თავს და მიაჩნია, რომ ყველა კადრს მას უნდა უთანხმებდნენ. ახმეტაში ჩვენ ძლიერი ორგანიზაცია გვყავდა. მათ ოპოზიციაში ყოფნის დიდი სტაჟი და ავტორიტეტი აქვთ. ახალდანიშნული ადამიანები კი რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს ძველი ავტორიტეტები უნდა ჩამოიცილონ და თავისი ხალხი დანიშნონ. ბატონ ზვიადაურს, ალბათ, ტატამზე ჰგონია თავი და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელ ზაქრო ქინქლაძეს ეჭიდავება. ასეთივე სერიოზული პრობლემებია ჩხოროწყუშიც, სადაც არათუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არამედ ერთ-ერთი კონკრეტული მაღალჩინოსნის ნათესავები ინიშნებიან“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, არის ცალკეული ფაქტები, როდესაც პარტიის წევრებს ემუქრებიან, ან სამსახურის სანაცვლოდ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების პირობას უყენებენ.
„კონკრეტულ შემთხვევებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენს წევრებს – ზოგს ემუქრებიან, ზოგს ეუბნებიან, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი პარტიას დატოვებენ. ასეთი ფაქტები არის. ახმეტაში დატოვა ერთმა პირმა პარტია. თბილისშიც მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ძალიან დაბალი რანგის, ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციაზე დანიშვნის პირობად პარტიის დატოვება წაუყენეს და მან დატოვა პარტია”, -განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები