ეკა ბესელია – პარლამენტში შს მინისტრის მოწვევა მართებული არ არის

პარლამენტში შს მინისტრის მოწვევა მართებული არ არის, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე განმარტებით, მინისტრს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საქმე აქვს და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლაზე, არასერიოზულია.
“მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტი. მან იგულისხმა ის საფრთხეები, რომლებიც არ გვაკლია გეოსტრატეგიული მდებარეობისა და მეზობელი ქვეყნების ზრახვების გამო. ასეთი საფრთხეების ნეიტრალიზება სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხია. შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმისთვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუყვეს მათი ზრახვებისა და მავნებლური მოქმედებების შესახებ, ძალიან არასერიოზულია. ამისთვის მინისტრები არ დადიან პარლამენტში. როცა ასეთი მოქმედებები იგეგმება, არსებობს შესაბამისი ღონისძიებები და ამით ხდება პასუხის გაცემა. არ მგონია, შს მინისტრს იმის დრო ჰქონდეს, ,,ნაციონალებს” გაეცნოს და ამას დაუთმოს მნიშვნელოვანი სამუშაო დრო, რომელიც მას სჭირდება საქმის გასაკეთებლად.  შს მინისტრის მოწვევა მართებულად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ საკითხს შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პარლამენტში მისი მისვლის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა. “როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც, და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები