გაიხსნება თუ არა ევროკავშირის ოფისი აფხაზეთში – სოხუმიდან დაბრუნებული დიპლომატი განმარტებას აკეთებს

სოხუმიდან დაბრუნებული ევროპელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი პირველ განმარტებას აკეთებს.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი „მოამბესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ქალაქში ევროკავშირის წარმომადგენლობის გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ინტერვიუში დიპლომატმა ის თემებიც დააკონკრეტა, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე განიხილა.
“მე ჩემს ყველა შეხვედრაში პარლამენტში ხაზი გავუსვი პოლიტიკას, რომელზეც დგას და ინარჩუნებს ევროკავშირი – ეს არის, პირველ რიგში, არაღიარებისა და, ამავე დროს, ჩართულობის პოლიტიკა. ეს ნიშავს იმას, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელებას აფხაზეთში, რომლის მიზანიც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რამაც, ჩვენი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მძიმე შედეგების შემცირებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე აფხაზეთში, არც მეტი, არც ნაკლები, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, როცა საქმე ეხება არაღიარების საკითხს. ევროკავშირის წარმომადგენლობის საკითხი ძალიან ზოგადი ფორმით დაისვა. ამ მიმართულებით კონკრეტული არაფერი არ განხილულა. არის იდეა, რომ გაკეთდეს უფრო მეტი ჩართულობის ფარგლებში იმ გზებით, რომლებიც მე უკვე განვმარტე, რათა არსებობდეს მეტი შესაძლებლობა ევროკავშირისთვის პროცესებში მეტი ჩართულობის განსახორციელებლად. ამ ეტაპზე ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას.
ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. ეს იყო უბრალოდ პირველადი დისკუსია. ამ ეტაპზე ჩვენ შეზღუდულები ვართ იმ პროექტებით, რომლებიც ხორციელდება გალის რაიონში. ჩვენ განვიხილეთ ამ პროექტების გაფართოების საკითხები აფხაზეთის სხვა რაიონებში, თუმცა ეს სამომავლო განხილვის თემაა. რაიმე შედეგისთვის ამ კუთხით ჩვენ არ მიგვიღწევია, საუბარი იყო იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენები. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, შეთანხმებული ჰქონდა თუ არა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან გამართული საკითხები ევროპელ დიპლომატს საქართველოს ხელისუფლებასთან. “ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვისაუბრებთ ამის შესახებ ყველა დონეზე ქართულ მხარესთან, არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს და არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რომელსაც, გვეცოდინება, რომ ქართული მხარე არ ეთანხმება. ამ საკითხებზე რეგულარულად ვსაუბრობთ ორმხრივ შეხვედრებზე“, -განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა “მოამბესთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. როგორც “აპსნიპრესი” იუწყება, ამის შესახებ საუბარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე, გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა. გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.
“აპსნიპრესი” წერს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციების შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა, გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც გაფართოვდება. ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათა “მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კოლეგებთან ევროკავშირის წარმომადგენლობიდან თბილისში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები