გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ლაზარიასა და გვარამიასთვის გირაოს შეფარდებას, ჯერ უცნობია

გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ როსტომ ლაზარიასა და მამუკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას, მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროკურატურას მოსამართლის დასაბუთებული განჩინება ჩაბარდება. ამის შესახებ პროკურორმა რევაზ ნადოიმ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რევაზ ნადოის თქმით, როდესაც თავიდანვე ხდება მტკიცებულებების გაყალბება, ეს ხელს უშლის საქმის გახსნას. “როდესაც ჩაგვბარდება დასაბუთებული განჩინება, გავეცნობით და შემდეგ შევჯერდებით გასაჩივრების საკითხზე”, – აღნიშნა რევაზ ნადოიმ.
საქალაქო სასამართლომ ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე წარუდგინა. მათ მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები