დღეს ღამით ე.წ. ვარკეთილის ხიდი გამოიცდება
დღეს, ღამის 12 საათიდან კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ვარკეთილის ხიდი გამოიცდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩაიკეტება გზის ძირითადი მოძრაობის ზოლი და ავტომობილებისთვის გადაადგილება მეორეხარისხოვანი ზოლებით იქნება შესაძლებელი.
ხიდის გამოცდა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაპირველად ნაგებობაზე განთავსდება სატვირთო მანქანები, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებენ. პარალელურად, სპეციალისტები ხიდზე მიმდინარე პროცესებს სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმებენ. გზაგამტარის გამოცდის საბოლოო დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
კახეთის გზატკეცილზე 15 თებერვლამდე კიდევ სამი გზაგამტარი გამოიცდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ხიდებისა და მეტეხის გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა 8 ნაგებობას. კვლევის მიზანია ობიექტების მდგომარეობის დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათი ღირებულების განსაზღვრა.
კვლევით სამუშაოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს. პროექტი, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი, 2015 წლის მაისში დასრულდება.