„სამიზნე სიცოცხლისთვის“ – ძუძუს კიბოს წინააღმდეგ „ევროპა დონა საქართველო” კამპანიას იწყებს
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპული კოალიცია “ევროპა დონა საქართველო” ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას “სამიზნე სიცოცხლისთვის” იწყებს. საინფორმაციო კამპანია ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდაჭერას გულისხმობს.
“ევროპა დონა საქართველომ” ახალი კამპანიის პრეზენტაცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, რომლებმაც დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ -ფაქტორებსა და კიბოს პრევენციის საჭირო ზომებზე ისაუბრეს. ასევე, მიწვეულნი იყვნენ ქართული ესტრადის ვარკვლავები და ჟურნალისტები, საზოგადოების სხვა წევრები, რომლებიც აღნიშნულ კამპანიას შეურთდნენ.
როგორც “ევროპა დონა საქართველოს” ხელმძღვანელმა ანა მაზანაშვილმა განმარტა, დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია სიმსივნურ უჯრედებზე და აინჰიბირებს (აკავებს) სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესესს, რაც ნაკლებად აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. მაზანაშვილის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბოს დაავადების ასაკი გაახალგაზრდავდა, ამიტომ საზოგადოების მეტი ინფორმირებაა საჭირო.
“დამიზნებითი თერაპია კონკრეტულად სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს. ეს თერაპია მიმართულია ამ პრობლემის მქონე პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ. სტატისტიკა სავალალოა, ძალიან გაახალგაზრდავდა ეს დაავადება”, – აღნიშნა ანა მაზანაშვილმა.
ღონისძიებაზე საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ძაგნიძემ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროგრამაში სახელმწიფოს ჩართვის აუცილებლობასაც.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ამ პრობლემის მნიშვნელობა გაიგოს და შემდეგ საკითხის მოსაგვარებლად ერთად ვიმსჯელოთ. დღეს ეს შესაძლო პრობლემა ყოველ მეათე ქალს აქვს. ამის მოგვარება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთად დგომის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენ ვსაუბრობთ დამიზნებით თერაპიაზე, რომელიც წლებია, რაც დამტკიცებულია, როგორც ყველაზე ეფექტური და შედეგიანი თერაპია. ძალიან კარგი იქნება იმუნური და ქიმიური გამოკვლევების დაწყება. აღნიშნული კვლევები სამიზნეებს აღმოაჩენს. თუმცა, ამ სამიზნეების დაფინანსებას რაც შეეხება, ეს საზოგადოებასთან ერთობლივი შეთანხმებით უნდა მოხდეს”, – განაცხადა გიორგი გაგნიძემ.
ღონისძიების ბოლოს, შემუშავდა “ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პეტიცია” , რომელსაც ხელი მოაწერეს ღონისძიებაზე დამსწრეებმა.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ შექმნეს ფონდი, სადაც აკუმულირდება ფინანსები იმ პაციენტებისთვის, რომელთა მკურნალობა განსაკუთრებულად დიდ თანხებს მოითხოვს.
“კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის აუცილებელი პრეპარატის – “ჰერცეპტინის” ერთი ფლაკონი 4500 ლარი ღირს და მკურნალობის კურსი 10-დან 18 ფლაკონს შეადგენს. ამ ფონდიდან კი პაციენტებს სხვადასხვა სახის კვლევებსა და მკურნალობაზე ვეხმარებით,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
შეგახსნებეთ, რომ “ევროპა დონა საქართველო” 2006 წელს შეურთდა ევროპულ კოალიცია “ევროპა დონას” – “EUROPA DONNA”, რომლის ძირითადი მიზანია, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა, დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.