ლუდი ერთ თვეში 30%-ით გაძვირდება
აქციზის გაზრდის შემთხვევაში, ლუდი ერთ თვეში 20-30%-ით გაძვირდება – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
,,მეწარმეები უარყოფითად აფასებენ გადაწყვეტილებას ლუდზე აქციზის 50%-ით გაზრდის შესახებ, რომელიც ძალაში 2015 წლის 1-ლი მარტიდან შევა. მათი აზრით, უსაფუძვლოა აქციზის გაზრდის აუცილებლობის ახსნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. ამ ხელშეკრულებით საქართველოს ეკისრება ვალდებულება, რომ 100 ლ ლუდზე აქციზი შეადგენდეს, მინიმუმ, 8.5 ევროს. დღეს ის უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს (მათ შორის, გერმანიას და ჩეხეთს)“ -წერს გაზეთი.
ლუდის კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, აქციზის გადასახადის შემოღება პროდუქტის 20-30%-ით გაძვირებას გამოიწვევს. მათივე განცხადებით, შეეცდებიან, ფასის ზრდამ მომხმარებელი რომ არ დააზარალოს და ლუდი მინიმალურად გააძვირონ.
,,თითქმის ყველა კომპანიის წარმომადგენელი აღიარებს, რომ პროდუქტის გაძვირება რეალიზაციაზე ცუდ გავლენას მოახდენს. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც აქციზის გადასახადი გამოიწვევს, ბაზრის 20-დან 25%-მდე შემცირებაა, რასაც მწარმოებლები ვარაუდობენ. ისინი ფიქრობენ, რომ გაზრდილი გადასახადის წარმოების შემცირებით სამუშაო ადგილებიც შემცირდება, რადგან კომპანიებში ამდენ ხალხს რეალურად ვერ დაასაქმებენ. ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ, ნაწილი კი მომხმარებელს დააწვება“,- წერს გაზეთი „რეზონანსი“