“ევროკავშირს სოხუმში სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნა სურს”

ევროკავშირს სოხუმში სპეციალური წარმომადგენლის ოფისის გახსნა სურს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერ ზალბერტმა დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან სოხუმში შეხვედრისას განაცხადა.
ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. როგორც წყარო იტყობინება, ზალბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა გაფართოვდება და გალის რაიონს გასცდება.
„თუ ნებას დაგვრთავთ, და ეს აფხაზეთისთვის სასარგებლო იქნება, ერთობლივ პროექტებად შესაძლოა, მცირე და მსხვილი ბიზნესის საწარმოების გახსნა განიხილებოდეს“, – განაცხადა ზალბერმა.
სპეცწარმომადგენლის თქმით, შესაძლებელია ასევე უცხო ენების შესწავლის გაკვეთილები და სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნა, „იმისთვის, რომ ევროკავშირის თბილისის წარმომადგენლობიდან კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი არსებობდეს“.
„მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ურთიერთობები სასარგებლო იქნება. მაგრამ აფხაზეთი უნდა განიხილებოდეს არა ქართული აღქმის პრიზმაში, არამედ ის უნდა შეფასდეს, როგორც მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი მხარე.
ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა მიეკუთვნებოდეს. მესმის, რომ თქვენთვის საქართველოსთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვისაც უფრო საგულისხმოა დასავლეთთან ურთიერთობები. დამოუკიდებლობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – უკვე გუშინდელი დღეა! მნიშვნელოვანია, დასავლეთში მიხვდნენ, რომ აფხაზეთი – სახელმწიფოა, რომელსაც სურს, რომ შედგეს. და ეს მიზანი მიღწეული იქნება! მთავარი ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ კი ჩვენი ქმედებები მიმართული იქნება მსოფლიოში აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისკენ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები