ირაკლი ალასანია ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები განაგრძობენ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, იმ მწვავე პრობლემების შესახებ, რომელიც რაიონს და ქალაქს აწუხებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან საუბრისას ადგილობრივებმა, ძირითადად, კატასტროფულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, უმუშევრობის მაღალ დონეზე და ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
დღევანდელ შეხვედრას ირაკლი ალასანიასთან ერთად ესწრებოდნენ ალექსი პეტრიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი მწვავედ დააყენებს ზესტაფონის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საკითხს.
ირაკლი ალასანიამ და თავისუფალი დემოკრატების სხვა წევრებმა, მოსახლეობას ის საკითხები გააცნეს, რომელზეც პარტია აქტიურად მუშაობს. საუბარი შეეხო პარტიის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიას.
“შემაშფოთებელია ის ფაქტი რომ 2,5 მილიონ ლარამდე თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას ასათვისებელი დარჩა და ვერ მოახერხა ამ სახსრების ეკონომიკაში მიმართვა, ეს არა მარტო ამ რაიონის და არა მარტო ზესტაფონის პრობლემაა, თითქმის ყველა რეგიონში ანალოგიური გადაუჭრელი საკითხები გვხვდება… კატასტროფული პრობემაა ზესტაფონისთვის ეკოლოგიური საკითხი, ამიტომ გია ცაგარეიშვილი ამ პრობლემას პარლამენტში ძალიან მწვავედ დააყენებს და ბოლომდე მიყვება, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, იმიტომ, რომ აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.