კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის – „კინო სკოლაში“ შემოდგომის სესია დაიხურება
31 იანვარს, 14 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის – „კინო სკოლაში“ შემოდგომის სესია დაიხურება, რომელსაც დაესწრებიან მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები.
პროექტის მეორე ეტაპის დახურვასთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნება ბავშვების მიერ საკუთარი სცენარით გადაღებული მოკლე ფილმები. გარდა ამისა, გაიმართება კლასიკად ქცეული „ნატვრის ხის“ რესტავრირებული ვერსიის ჩვენება და შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან.
31 იანვარს თენგიზ აბულაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. პროექტის „კინო სკოლაში“ შემოდგომის სესიის დახურვა და „ნატვრის ხის“ ჩვენება სიმბოლურად მისი დაბადების დღეზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „ნატვრის ხის“ აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა, 2014 წლის ბოლოს თენგიზ აბულაძის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმს რესტავრაცია – ფერებისა და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. სამუშაო აწარმოებდა ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Digital Center-ი.